კაცი ცოლს მოსამართლის თვალწინ მოკვლით დაემუქრა – განაჩენი

სასამართლო სხდომის დარბაზში და მოსამართლის თვალწინ ცოლზე მუქარისთვის ფოთში მცხოვრებ გ.წ.-ს ერთი წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენი მოსამართლე დავით გელაშვილმა მიიღო.

განაჩენის მიხედვით, ბრალდებული ცოლს არსებითი განხილვის სხდომაზე მოკვლით დაემუქრა. ბრალდებული მიიჩნევდა, რომ ქალმა არასწორი ჩვენება მისცა სასამართლოს. მანამდე პოლიციელებს გ.წ.-ს შემაკავებელი ორდერი ჰქონდათ გამოცემული.

„სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა გ. წ.-მ განმარტა, რომ სასამართლო პროცესის დრო იყო სტრესში… რა და როგორ თქვა არ ახსოვს ზუსტად“, – აღნიშნულია განაჩენში.

ფოთის საქალაქო სასამართლომ გ.წ. სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის მიხედვით გაასამართლა, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით სამართალწარმოების მონაწილის მიმართ სიცოცხლის მოსპობით მუქარას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი