კანაფის კულტივაციისა და ექსპორტის წინააღმდეგ სასულიერო პირებმა თბილისის საკრებულოს შენობასთან აქცია გამართეს და პარაკლისი აღავლინეს. მღვდლებმა მრევლს ხვალ, სამების ტაძარში მისვლისკენ მოუწოდეს. როგორც მამა შალვა კეკელია აცხადებს, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორეს სურვილია, რომ შეიკრიბონ სამების ტაძარში და დაესწრონ ღვთისმსახურებას, რომელიც დილით, 10.00 საათიდან დაიწყება.
საკრებულოსთან შეკრებილმა სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ თბილისის სამღვდელოება დღეს შეიკრიბა და გადაწყვიტა განცხადება გაეკეთებინა.
„მრევლმა გვაიძულა, გამოვსულიყავით აქ. მრევლი გვეუბნება, რას ვაკეთებთ, როგორ შეიძლება ეს აღმოვფხვრათ. დღეს ამას დააკანონებენ, ხვალ და ზეგ სხვა უზნეობებს. ამისთვის არასდროს იქნება ქვეყანა მზად. ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.