კორცხელში დაშავებული პოლიციელი: “გაშველებისას დავეცი და გულ-მკერდზე ტრავმა მაშინ მივიღე”

2016 წლის 22 მაისს კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს მორიგი პროცესი გაიმარტა, რომელზეც 9 მოწმე, მათ შორის ორი სამართალდამცველი დაკითხეს.

მათ შორის დაკითხეს პოლიციელი გია ნანობაშივილი, რომელიც ინციდენტის დროს დაშავდა და საავადმყოფოშიც კი მოხვდა.

ნანობაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ დაცემის შედეგად დაშავდა, მოგვიანებით კი ექიმებმა უთხრეს, რომ გულ-მკერდის არეში ტრავმა ჰქონდა მიღებული.

მისივე თქმით, ინციდენტის მონაწილეების ადგილზე დაკავება იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ ადგილზე მხოლოდ 8 სამართალდამცველი იყო, რაც გაშველებას და სიტუაციის განმუხტვას სჭირდებოდა.

ნანობაშვილის მტკიცებით, მას არც ინციდენტის მონაწილეები ახსოვს. “ისეთი სიტუაცია იყო, რომ ინციდენტში მონაწილეების დამახსოვრებაზე არ ვიყავი კონცენტრირებული, ერთმანეთს ურტყამდნენ და ვაშველებდით, არ ვიცი ვინ ვინ იყო, ხელჩართული ჩხუბი იყო. ერთი, რაც კიდევ დავინახე, ის იყო, რომ ერთ-ერთ მათგანს ხელკეტი ეჭირა, თუმცა ვის ვერ გეტყვით, რადგან როგორც აგიხსენით, სახეზე არავინ დამიმახსოვრებია”, – განაცხადა ნანობაშვილმა.

საქმეზე მომდევნო პროცესი 31 მარტს გაიმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი