კორონავირუსთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თვითიზოლაციაშია

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ არველაძე სოციალურ ქსელში წერს:

“გაცნობებთ, რომ ვიმყოფები თვითიზოლაციის რეჟიმში, ვინაიდან მქონდა შეხება მეგობართან საქართველოში, რომელიც, სამწუხაროდ, კორონა ვირუსის მატარებელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვირუსთან დაკავშირებული არცერთი სიმპტომი არ მაქვს, დაუყოვნებლივ მივმართე ექიმს და გავიარე კონსულტაცია საჭირო ქმედებებთან დაკავშირებით.
ბუნებრივია, სამსახურში არ გამოვცხადებულვარ, მით უფრო, რომ უქმე დღე იყო და არც არავის შევხვედრილვარ ოჯახის წევრების გარდა, რომლებიც ჩემსავით თვითიზოლაციაში არიან.
ჩემი სამოქალაქო თვითშეგნებიდან გამომდინარე, საკარანტინო პერიოდის განმავლობაში დავრჩები თვითიზოლაციაში, რათა თავად მეც არ გავხდე ვირუსის გადამტანი და გამავრცელებელი.
მას შემდეგ, რაც ანალიზის პასუხი ცნობილი გახდება, მას აუცილებლად გამოვაქვეყნებ.
ჩემი მაგალითით მოგიწოდებთ ყველას, ვინც იმოგზაურეთ მომეტებული რისკის მქონე ქვეყნებში ან ჩემსავით კონტაქტი გქონდათ კორონა ვირუსის მატარებელ პირებთან, გადადით თვითიზოლაციის რეჟიმში, რათა ნებსით თუ უნებლიედ, ხელი არ შეუწყოთ ვირუსის შემდგომ გავრცელებას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!”, – წერს არველაძე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი