კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველ რიგში, სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველ რიგში, სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ვაქცინა შეკვეთილია მოსახლეობის 20%-ის მოცვისთვის, რაც დაახლოებით 700 ათასი ადამიანს შეადგენს.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მიმდინარეობს სხვადასხვა კომპანიასთან მოლაპარაკება, რათა ქვეყანა ვაქცინისათვის საჭირო სამაცივრე დანადგარებით აღიჭურვოს.

„ვაქცინა ორჯერადად, სამი-ოთხი კვირის გამოშვებით კეთდება. ამიტომ საჭიროა მილიონ 400 ათასი დოზა. წინასწარი გაანგარიშებით, კოვაქს-პლატფორმის საშუალებით, ეს 17 მილიონ დოლარამდე ჯდება. 4-მილიონი დოლარი წინასწარ შენატანის სახით უკვე გადარიცხულია და როგორც კი, ვაქცინას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დაამტკიცებს, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება. ასევე ვმუშაობთ ალტერნატიულ გზებზე – არ გამოვრიცხავთ პირდაპირ მოლაპარაკებებს სხვადასხვა კომპანიასთან. ქვეყანას შეიძლება უფრო ძვირი დაუჯდეს, როცა კომპანიასთან არა საერთაშორისო ორგანიზაციებით, არამედ პირდაპირ გადიხარ. ვმუშობთ, რომ ის საქართველოში ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი რაც შეიძლება მალე გახდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი