მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საპროექტო კომპანია ანაკლიის პორტის დეტალურ დიზაინზე მუშაობით დაინტერესდა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორია მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი, საპროექტო და სამშენებლო მენეჯმენტის კომპანიის, “BergerABAM”-ის გუნდმა შეისწავლა. “BergerABAM”-ის წარმომადგენლები საქართველოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დეტალური დიზაინის პროექტთან დაკავშირებით ეწვივნენ. პორტის ტერიტორიაზე საპროექტო კომპანიას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ და პორტის ტერმინალ-ოპერატორიის “SSA Marine”-ის მენეჯმენტმა უმასპინძლეს.

BergerABAM-ი საპროექტო, საინჟინრო, საზღვაო სფეროს, სამშენებლო მენეჯმენტის, წყალქვეშა კვლევებისა და გარემოსდაცვით სერვისების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომლის მიერ სხვადასხვა დროს განხორციელებულ პროექტებს შორისაა პანამის, დუბაის, მექსიკის, ვაშინგტონის საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურისა  და პროექტირების განვითარება. კომპანიასთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მენეჯმენტი აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს დეტალური დიზაინის პროექტირებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ თემაზე სამუშაოდ ანაკლიაში ასევე იმყოფებოდნენ SSA Marine-ის ვიცეპრეზიდენტი სკიპ საჰლინი და საინჟინრო მიმართულების დირექტორი რიკარდო ჩენგი.

„გვიხარია, რომ ანაკლიის პორტის ტერიტორიის ნახვის შესაძლებლობა მოგვეცა, ძალიან საინტერესო პროექტია, მსგავსი პროექტები ჩვენ განხორციელებული გვაქვს მსოფლიოს სხვადასხვა წეტილში, მათ შორის, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. მთლიანობაში, ადგილზე რომ ვნახეთ პორტის ტერიტორია, ვიდრე ველოდით, იმაზე მეტად მოგვეწონა; ვიცოდით რომ აქ იყო სირთულეები ტერიტორიის უხვწყლიანობის მხრივ, თუმცა, ვნახეთ, რომ მაღალი დონის წინასწარი სამუშაოებია ჩატარებული და მიგვაჩნია რომ აქ ძალიან კარგი პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი“, – განაცხადა BergerABAM-ის სენიორ ვიცე-პრეზიდენტმა კრის კორნელმა ანაკლიის პორტის დათვალიერების შემდეგ.

BergerABAM-ის ვიზიტი საქართველოში გრძელდება, ანაკლიის პორტის ტერიტორიის მონახულების შემდეგ, “BergerABAM”-ის, “SSA Marine”-ისა და “ADC”-ის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ბათუმს ეწვივნენ, სადაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს და საზღვაო აკადემიის წარმომადგნელებს ხვდებიან.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წინასწარი დიზაინი კონსორციუმმა 2017 წლის პირველ ნახევარში შეიმუშავა. ამ ეტაპზე კი პორტის დეტალურ დიზაინზე მუშაობა იწყება, რომლის შესადგენადაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საერთაშორისო ტენდერი გამართა და მასში მონაწილეობისთვის მსოფლიოს 20 საუკეთესოთა სიაში შესული კომპანიები მოიწვია.  მათგან ერთ-ერთი საუკეთსო შემოთავაზება “BergerABAM”-მა წარმოადგინა, რომელთანაც ამჯერად დეტაულური მოლაპარაკებები გრძელდება.  გამარჯვვებულ კომპანიას კონსორციუმი უახლოეს ხანში დაასახელებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი