მთავრობის ადმინისტრაცია შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

მთავრობის ადმინისტრაცია შეზღუდვების შემსუბუქების მორიგ ეტაპთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.

გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. შეზღუდვების ნაწილი 8 თებერვლიდან, ნაწილი კი 15 თებერვლიდან იხსნება.

“ბოლო 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი შემცირდა 4%-მდე, შესაბამისად შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება:

ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან – თბილისში, რუსთავში და ქუთაისშიც, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით –

  1. აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) – გარდა შაბათ-კვირისა;
  2. გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები – გარდა შაბათ-კვირისა;

ერთი კვირის შემდეგ, ანუ 15 თებერვლიდან – თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, სრულად მთელი საქართველოს მასშტაბით:

  1. ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება);
  2. კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ – გარდა შაბათ-კვირისა;

• მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.

• ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით და სხვადასხვა პროგრამებით”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი