მუხურის მეფუტკრეობის ბაზის მშენებლობა სრულდება

მუხურში მეფუტკრეობის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამეცნიერო-კვლევითი ბაზა გაიხსნება. მეფუტკრეობის სანაშენე სამეცნიერო ბაზის ინფრასტრუქტურის მოწყობა გასულ წელს დაიწყო და უახლოეს მომავალში დასრულდება. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.

,,მეფუტკრეობის დარგის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ყოფილი მუხურის მეფუტკრეობის სახელმწიფო სანაშენე მეურნეობის აღდგენა დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული სამეცნიერო ექსპედიციების შედეგად, საუკეთესო ბიოლოგიური მაჩვენებლების მქონე მეგრული პოპულაციის ფუტკრის ოჯახების მოძიება გახდა შესაძლებელი. ამჟამად მიმდინარეობს მათი ჯიშობრივი გაწმენდა (სანაშენე მასალის წარმოება) და ახლო მომავალში, აღნიშნული ფუტკრის ოჯახები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავრცელდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაცია მსოფლიოში გამოირჩევა ხორთუმის სიგრძით, რომელიც ყველაზე ღრმად აღწევს ყვავილის სანექტრეში და იღებს თაფლისათვის საუკეთესო შემცველობის ნივთიერებებს, რაც თაფლს განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს.

მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო სანაშენე ბაზის სარეაბილიტეციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილობრივი თვითმმართველობის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი