ნაფიც მსაჯულთა პირველი განაჩენი ზუგდიდის სასამართლოში – 18 წლიანი პატიმრობა ბრალდებულს

ზუგდიდის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ანგარებით და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში,  დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით ჯგუფის მიერ ჩადენილ ყაჩაღობასა და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებაში ბრალდებული რ.მ. დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე”, მესამე ნაწილის ,,გ”, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, მესამე ნაწილის  ,,ბ”, ,,გ“ და 273-ე მუხლით.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ 20-მდე სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოიკვლია, დაიკითხა ათობით მოწმე, გამოკვლეული იქნა დოკუმენტალური და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული საგნები, რომლებზეც ბრალდებულის და მისი თანამზრახველების დნმ-ის კვალი აღმოჩნდა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 8 მარტს, მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში რ.მ. სამ თანამზრახველთან ერთად, დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხა ც.ჩ.-ს და მ.ჩ.-ს. თავდამსხმელებმა მოხუცებულ დებს ხელები და ფეხები შეუკრეს და იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვეს, ხოლო უარის მიღების შემდეგ სასტიკად სცემეს მათ. მიღებული დაზიანებების შედეგად მ.ჩ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო რ.მ. თანამზრახველებთან ერთად მიიმალა.

სამართალდამცველებმა რ.მ. და მისი თანამზრახველები რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს.

სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ რ.მ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კიდევ ორი პირის, რ.მ.-ს თანამზრახველების საქმეზე კი ზუგდიდის რაიონული სასამართლო დღეს 16:00 საათზე იმსჯელებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი