ორსანტიაში სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ა(ა)იპ „1 ეკვილიბრიუმის“ მიერ ინიცირებული პროექტის ,,კულტურა საზღვრებს გარეშე” ფარგლებში, ორსანტიას ადმინისტრაციულ ერთეულში, საჯარო სკოლის ეზოში, სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა.

სკოლის ეზოში განთავსებული მინი ბიბლიოთეკით (ე.წ. „წიგნის ბუდე“) სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

პროექტის მიზანი ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლებში წიგნიერების დონის ამაღლება და კულტურულ-საგანმანათებლო სივრცეების შექმნაა.

ბიბლიოთეკის გახსნას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ ,,ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი“-ს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ორსანტიას საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები გადაეცათ.
პროექტის ფარგლებში, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ, პოეტმა, მწერალმა, ლიტერატურათმცოდნე ზაალ ჩხეიძემ და სსიპ კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერმა ესმა მანიამ ლექცია წაიკითხეს, სადაც წლევანდელ საიუბილეო თარიღებზე გაამახვილეს ყურადღება, მათ შორის – დამოუკიდებლობის 100 წლისთავზე, ქართული მწერლობა 1918-1921, ალექსანდრე ყაზბეგი – 170; ასევე ისაუბრეს კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე. მოეწყო ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენება.

პროექტი, ანაკლიაში, სანდრო ნიკოლაძის მუსიკალური ბენდ „Space Board-”ის კონცერტით დაიხურა.
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალი იყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი