თეა წულუკიანი – “პირველი თვის მონაცემებით, მიწა საკუთრებაში 12 164 მოქალაქეს დაურეგისტრირდა”

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობის პირველი თვის შედეგები შეაჯამა.

მინისტრის განცხადებით, 1 აგვისტოდან დღემდე საჯარო რეესტრში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 45 575 განცხადება შევიდა. აქედან 12 164 შემთხვევაში საჯარო რეესტრმა თავად მოიძია საჭირო საბუთები და მოქალაქეს მიწა  დაურეგისტრირა. 25 743 შემთხვევაში საჯარო რეესტრმა, რეფორმის შედეგად შეძენილი ახალი უფლებამოსილებების წყალობით, მოქალაქის ნაცვლად თავად დაიწყო სხვადასხვა უწყებაში შესაბამისი საბუთების მოძიება და ამ განცხადებათა დიდი ოდენობა ასევე წარმატებით დასრულდება, 4 648 განცხადება კი ამჟამად შესწავლის პროცესშია.

მინისტრმა აღნიშნა, რომ განცხადებების წარდგენის კუთხით, ყველაზე მაღალი აქტივობით სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად ზუგდიდი გამოირჩეოდა.

„მინდა, ამ უპრეცედენტო და მოქალაქეზე ორიენტირებული რეფორმის წარმატებისათვის  კვირაში 7-დღიანი და თავდადებული მუშაობისათვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საჯარო რეესტრის თითოეულ რეგისტრატორს, კადასტრისა თუ ახალი ტექნოლოგიების თითოეულ სპეციალისტს, იურისტს, არქივის, არქივირების და სკანერზე მომუშავე თანამშრომელს. როდესაც ჩვენ ამ რეფორმის კანონპროექტს ვწერდით, ვიცოდით, რომ მისი პრაქტიკაში განხორციელება დიდი გამოწვევა იქნებოდა საჯარო რეესტრისათვის. მიხარია, რომ დღეს თამამად შემიძლია, მადლობა ვუთხრა საჯარო რეესტრის თანამშრომლებს მოქალაქის ინტერესში წარმატებული მუშაობისათვის. ეს რეფორმა მთლიანად ცვლის საჯარო რეესტრს და მას მოქალაქის მეგობრად აქცევს“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანის თქმით, ერთი თვის განმავლობაში  საჯარო რეესტრმა ჯამში სხვა უწყებებში 67 973 წერილი გაგზავნა მოქალაქის ინტერესში საბუთების გამოთხოვის შუამდგომლობით. მისივე თქმით, თავიანთი სწრაფი და მრავალრიცხოვანი გამოხმაურებებით უწყებებიდან ყველაზე აქტიურნი საქართველოს ეროვნული არქივი (9 412 პასუხი), საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (2 923 პასუხი) და  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (813 პასუხი), ხოლო მუნიციპალიტეტებიდან მარნეულის მუნიციპალიტეტი (311 პასუხი) არიან, რომელთაც იუსტიციის მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„ეს რეფორმა რომ არ ყოფილიყო და საჯარო რეესტრში 1 თვეში იგივე ოდენობის განცხადება შემოსულიყო, მხოლოდ საქართველოს ეროვნული არქივიდან მოქალაქეებს 23 344 ცნობა თავისით უნდა გამოეთხოვათ და ამაში ჯამში 1 მილიონ ლარზე მეტი უნდა გადაეხადათ, მთავრობამ და პარლამენტმა კი ეს და სხვა ფინანსური ტვირთი მოქალაქეს მთლიანად მოუხსნა“, − განაცხადა საჯარო რეესტრის ხელმძღვანელმა პაპუნა უგრეხელიძემ.

წულუკიანის თქმით, რეფორმის ფარგლებში, საჯარო რეესტრმა მოქალაქეებს ნოტარიუსთან უფასო მედიაცია თავად დაუნიშნა, რის შედეგადაც 4 კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა და მოქალაქეებმა ხანგრძლივი სამეზობლო დავის შემდეგ მიწები მარტივად დაირეგისტრირეს.

ამას გარდა, რეფორმის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა აზომვითი ნახაზის ახალი სტანდარტი და 1 სექტემბრიდან განხორციელებული ყველა ნახაზი ამ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს. გაიმიჯნა პასუხისმგებლობა ამზომველსა და მოქალაქეს შორის, კერძოდ, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია მესაკუთრე, ხოლო აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე − ამზომველი.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა რამდენიმე დღის წინ მიიღო აკრედიტაცია და დღეისათვის უკვე 5 ამზომველზე გასცა სერტიფიკატი, წულუკიანის თქმით, სერტიფიცირებული ამზომველის მომსახურება მოქალაქისათვის გაცილებით უფრო საიმედოა.

„ერთადერთი სფერო, სადაც ახლა ტემპის აჩქარებაა საჭირო, ადგილობრივი თვითმმართველობის აღიარების კომისიები გახლავთ, რომლებსაც ჯერჯერობით საჯარო რეესტრიდან გადაგზავნილი არცერთი საქმის განხილვა არ დაუსრულებიათ. მიუხედავად ამისა, მათგან დიდია ინტერესი მეთოდთან დაკავშირებით და ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვის. რაც მთავარია, მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ მათთვის ეს პროცედურაც არის, კანონის თანახმად, უფასო“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რეფორმის წარმატებით განხორციელებაში დიდ როლს ასრულებს საინფორმაციო მომსახურება. დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება ადგილზე მისვლის გარეშე, იუსტიციის სახლის ცხელი ხაზის მეშვეობით (2 405 405) შეუძლიათ. პირველი აგვისტოს შემდეგ ცხელ ხაზზე პროექტის შესახებ ინფორმაცია უკვე 6467 პირს მიეწოდა. „Facebook“-ის პირადი შეტყობინების სერვისით − 800-ზე მეტმა მოქალაქემ, ელექტრონული ფოსტის (info@napr.gov.ge) მომსახურებით კი 600-მდე მოქალაქემ ისარგებლა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი