ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე – ი.ქ.-ს, ო.კ-ს. და ვ.ჯ.-ს, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს – ი.ქ.-ს და ო.კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 ივლისს, ფოთში, ი.ქ., ო.კ. და სხვა პირები წარსულში არსებული დაპირისპირების გამო ანგარიშსწორების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღითა და ბეისბოლის ჯოხებით შეიარაღებულები, თავს დაესხნენ ვ.ტ.-ს, რომელიც მამასთან და მეგობარ გ.ჟ-სთან ერთად პანაშვიდზე იმყოფებოდა და სასტიკად გაუსწორდნენ, რა დროსაც ასევე ვ.ტ.-ს მამას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

„ხელკეტებით ცემის შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ვ.ტ.-ს ქვედა კიდურები დაუზიანეს, ხოლო შემდეგ ი.ქ.-ს კუთვნილი „მერსედეს-ვენტოს“ მარკის ავტომანქანით გაიტაცეს. თავდამსხმელებმა იმავე დღეს ვ.ტ. მიიყვანეს ქ.ფოთის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე წინასწარი შეთანხმებით მივიდა ვ.ჯ. ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე ი.ქ.-მ და მისმა თანამზრახველებმა ვ.ტ.-ს მჭრელი საგნის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ადგილი დაუსერეს და ბეისბოლის ჯოხებით ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც ი.ქ.-მ, ო.კ.-მ და სხვა პირებმა ვ.ტ.-ს განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მიზნით, ბეისბოლის ჯოხებით თავის არეში მიაყენეს დაზიანება. სასტიკი მოპყრობის შედეგად ვ.ტ.-მ გონება დაკარგა, ხოლო თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ.ტ. იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა ი.ქ. და ვ.ჯ. 2020 წლის 3 ივლისს, ხოლო ო.კ-ის 4 ივლისს დააკავეს. აღსანიშნავია, რომ ამავე საქმეზე 2020 წლის 5 ივლისს კიდევ ერთი პირი -გ.რ. დააკავეს, რომელსაც ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, და ამავე კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი