ჩვენ გვსურს კიდევ უფრო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში მომდევნო წელს, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საუბრის მთავარი თემა იყო საქართველო-ნატოს ურთიერთობებში მიღწეული პროგრესი და მდგრადი რეფორმები, რომელიც საქართველოში ხორციელდება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2018 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო ნატო-საქართველოს ურთიერთობებში და თვალსაჩინოა ამ მიმართულებით ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი. მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება მთავრობის მაღალი დონის პრიორიტეტია, რასაც ქართველი ხალხი მხარს უჭერს.
„ მომდევნო წელს მეტ ნატო-ს იხილავთ საქართველოში. გვექნება ბევრი მაღალი დონის ვიზიტი ქვეყანაში და ამით ქართველი ხალხი დაინახავს, რომ ძალისხმევა ქმედითია. ნატო-ს გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება საქართველოს მიმართ. ასევე ვისაუბრეთ არჩევნების შედეგებზე. პრემიერ-მინისტრს მივულოცე არჩევნების ჩატარება, მაგრამ გამოვთქვით გარკვეული წუხილი პოლიტიკური დიალოგის პოლარიზაციის თაობაზე. პრემიერ-მინისტრი ამას აცნობიერებს და აცხადებს, რომ ქართველ ხალხს სურს მშვიდი და ნაკლებად პოლარიზებული დისკუსია სამომავლოდ. ნატო-ში ჩვენ გვსურს ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქართველ ხალხსაც ეს სურს. ამდენად, ძალიან დამაიმედა მისმა სიტყვებმა. ჩვენ ორივეს გვსურს კიდევ უფრო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში მომდევნო წელს“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.