პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია გამოცხადდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია გამოცხადდა, ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა. რეორგანიზაცია ორ ეტაპად განხორციელდება, პირველი ეტაპი 15 იანვრიდან, ხოლო  მეორე ეტაპი 15 თებერვლიდან დაიწყება.

“17 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია, რამაც განსაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის ახალი უფლება-მოვალეობები. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ,,საქართველოს ბიუჯეტის შესახებ“ კანონით, განისაზღვრა 60 საშტატო ერთეული. იქიდან გამომდინარე, რომ 1 იანვრიდან, სწორედ, ასეთი საშტატო ერთეულია გათვალისწინებული ბიუჯეტში, 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაცხადა რეორგანიზაციის პროცესი“ – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

პრეს-სპიკერის განმარტებით, 15 იანვრიდან, პირველ ეტაპზე შიდა რესურსისთვის გაკეთდება შეთავაზებები. 15 თებერვალიდან დაიწყება რეორგანიზაციის მეორე ეტაპი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ის კადრი, რომელიც დღეს მუშაობს, მაგრამ, ან არ მიიღებს, ან ვერ დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გადავა  საჯარო სამსახურის ბიუროს განკარგულებაში.

მოისწრაფიშვილისვე განმარტებით: ,,ბიურო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ბუნებრივია, საჯარო სამსახურში, შეეცდება თითოეული მათგანისთვის შეარჩიოს – მოძებნოს შესაბამისი შტატი, პოზიცია. იმ შემთხვევაში თუ შეთავაზებული პირობები არ იქნება მისაღები, ისინი მიიღებენ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს კომპენსაციას“.

კომენტარები

დატოვე კომენტარი