ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა ხმაურით დასრულდა

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტების შერწყმის თაობაზე სამთავრობო კომისიის მიერ უწყებაში შეტანილი წერილი და მისი საკრებულოს სხდომაზე განხილვის მიზანშეწონილობა, ასევე წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილების საკითხები განიხილა.

შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რადგან “ნაციონალური მოძრაობის” წევრისთვის საკითხის განხილვა მოსახლეობასთან კონსულტაციების გარეშე მიუღებელი აღმოჩნდა და საკუთარი აზრის დაფიქსირების შემდეგ ანა წითლიძემ სხდომა დატოვა.

“ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ”, – აღნიშნა წითლიძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებმაც კომისიის თავმჯდომარეს უთხრეს, რომ კომისიას აქვს უფლება, უარი თქვას საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანაზე, რადგან დოკუმენტაცია არასრულყოფილია, არ ჩატარებულა მოსახლეობასთან კონსულტაცია, რაც პირდაპირი ვალდებულებაა ხელისუფლების.

მესამე სექტორის საპასუხოდ კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კომისიის უარის მიუხედავად საკრებულოს შეუძლია, მაინც გაიტანოს საკითხი სხდომაზე განსახილველად, თუმცა დოკუმენტაციის სრულყოფილებაში ის პრობლემას ვერ ხედავს. საბოლოოდ იურიდიულ საკითხთა კომისიამ საკითხის უახლოეს სხდომაზე გატანის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი