“ქართულ ოცნება” ოპოზიციას ზუგდიდში დაძაბულობის შექმნაში ადანაშაულებს

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში დაძაბულობის და დაპირისპირების კერების შექმნას ცდილობს.

შტაბის ხელმძღვანელ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ამ მიზნით მათ მუნიციპალიტეტში ბევრი ადამიანი ჩამოიყვანეს.

“ჯიხაშკარში მყოფი ოპოზიცია ერთ-ერთ ოჯახს მიუვარდა, რომელსაც არ უნდოდა მათი კანდიდატის, სანდრა რულოვსის მიღება. არ შეუშვეს იმის გამო, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არიან. ამ ყველაფერს, საბოლოოდ დაპირისპირება მოჰყვა. ჩვენ, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, არავის ვურტყამთ წიხლებს. არავის მივცემთ უფლებას, აქ შექმნას დაპირისპირების კერა. ენმ ცხადად ჩამორჩება და აგებს არჩევნებს. ამიტომ, მათი მიზანია არეულობა”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ჩიქოვანმა 12 მაისს, სოფელ ჯიხაშკარში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა და ფაქტის ამსახველი კადრები ბრიფინგზე წარმოადგინა.

“ქართული ოცნების” ბრალდებებს სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბში უპასუხეს. საარჩევნო შტაბის განცხადებით, კადრები, რომელიც ცოტა ხნის წინ მმართველმა პარტიამ ბრიფინგზე გაავრცელა, დამონტაჟებულია.

“ოცნებამ იცის, რომ წაგებული აქვს და პროვოკაციაზე გადმოდიან. არავინ არავისთან არ შეჭრილა. ისინი აყენებდნენ ფიზიკურ დაპირისპირებას ქალებსაც კი და მას მერე ჩავერიეთ. შამახია იქ სიტუაციის განტვირთვის მიზნით შევიდა”, – აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

საქართველოში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი