ქურდობის ფაქტზე დაკავებისას მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

23 ივლისს ფოთში თანხის ჩასარიცხი აპარატის ქუროდბის ფაქტზე დაკავებისას პოლიციელის მიერ ბრალდებულის მოკვლის საქმეზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა. სასამართლომ პოლიციელს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულის ადვოკატი იოსებ ჯანაშია 20 ათასი ლარის გირაოს გადახდის სანაცვლოდ პოლიციელის გათავისუფლებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, ფოთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი თანხის ჩასარიცხი აპარატის ქურდობის ფაქტზე ერთი პირის დაკავებას ცდილობდა, რა დროსაც ბრალდებულმა წინააღმდეგობა გაუწია და თავში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც სამართალდამცველმა მას ესროლა. დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვაინებით საქმე გადაკვალიფიცირდა და მას ამჟამად ბრალი ედება სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პოლიციელს ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობა, ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი