რატომ არიან “ნაც.მოძრაობის” ყოფილი სახეები “ოცნების” კანდიდატთა შორის – კახი კალაძის არგუმენტები

ვიცე პრემიერ-მინისტრმა კახი კალაძემ დღეს მარტვილში ვიზიტისას მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატების წარსულთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

კერძოდ, შეკითხვა ეხებოდა ხობსა და ფოთში კანდიდატებად ისეთი პირების დასახელებას, რომლებიც თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობასთან” იყვნენ კავშირში.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” მზადაა, ითანამშრომლოს ყველასთან, ვინც გვერდში დაუდგება მოქმედ მთავრობას და რეალურად შეხედავს ქვეყნის განვითარების საკითხს.

“გოდერძი ბუკია 2012 წელს, მას შემდეგ, რაც შევიდა პარლამენტში, თანამშრომლობდა “ქართულ ოცნებასთან”, იმ გუნდთან რომელიც ახორციელებდა რეფორმებს, იღებდა შესაბამის კანონპროექტებს პარლამენტში. ყველა იმ ადამიანთან, რომელიც რეალურად შეხედავს ქვეყნის განვითარებას, გვერდში დაუდგება მოქმედ მთავრობას, მზად ვართ თანამშრომლობისთვის. თუმცა, ზოგადად, თუ ვინმეს დანაშაული აქვს, პასუხს აგებს ამისთვის. ის, რომ ვინმე ჩვენთან თანამშრომლობს, არ ნიშნავს იმას, რომ დანაშაულისთვის პასუხს არ აგებს… გოდერძი ბუკიას რაც შეეხება, ის “ნაციონალური მოძრაობის წევრი არ ყოფილა – მაჟორიტარი იყო და ეს სხვა ფენომენია”, – განაცხადა კალაძემ.

“newsportal.ge”-ს შკითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია თავის დროზე სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი შემომწირველი იყო, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ გოდერძი ბუკია წინა საპარლამენტო არჩევნებზე ხობის მაჟორიტარი “ნაციონალური მოძრაობის” ქვოტით გახდა, რის შემდეგაც დამოუკიდებელი დეპუტატობის შესახებ განაცხადა და ყოფილ მმართველ გუნდს განუდგა. “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირში იყო ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბიაც, რომელიც მისი ერთ-ერთი შემომწირველი გახლდათ. ხახუბია ასევე თენგიზ სარიშვილის მძახალია, რომელიც 2012 წლის არჩევნებზე ეკა ბესელიას კონკურენტი იყო სწორედ “ნაციონალური მოძრაობიდან”.

კომენტარები

დატოვე კომენტარი