პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ამოცანაა ბიძინა ივანიშვილისთვის ვადამდელი არჩევნების გამოგლეჯვა და ამ გზით ხელისუფლების შეცვლა.
„მოსალოდნელია, თუ არ არის მოსალოდნელი, ეს ერთი საკითხია. ვადამდელი არჩევნები არის ის, რაც ჩვენ უნდა გამოვგლიჯოთ ბიძინა ივანიშვილს, ამისთვის დაიწყო გაყალბებული არჩევნების მეორე დღიდანვე საპროტესტო მოძრაობა, რომელიც შემდეგ ძალიან გადიდდა და გამრავალრიცხოვანდა. 28 ნოემბრის შემდგომ სულ სხვა მასშტაბი მიიღო, რადგან ქვეყნის ისტორიულ არჩევანზე იყო საუბარი, მხოლოდ ხელისუფლების მიტაცებაზე არა, საქართველოს ისტორიის მიტაცებასა და გადაწერაზე იყო საუბარი. რეჟიმს გამოვტაცოთ არჩევნები, ეს ჩვენი ამოცანაა. ვიღაცას ჰგონია, რომ რევოლუციაა გადაწყვეტა, არაფერი არ მაქვს რევოლუციის საწინააღმდეგო, უბრალოდ, მე რამდენჯერმე ვნახე, ამისი რესურსები გვაქვს თუ – არა. არ მაქვს აჩემებული მაინც და მაინც 4 ოქტომბერი, რაღაცები მანამდეც ხომ ხდებოდა? რატომ უნდა ვილაპარაკოთ, ვიმსჯელოთ და ვიმკითხაოთ იმაზე, რასაც არ აქვს პერსპექტივა. ჩანს, რომ ეს ასე არ არის. საკუთარ საზოგადოებას უნდა იცნობდე, როცა ლაპარაკობ, პოლიტიკოსი ხარ და მოწოდებები გაქვს. არ არის ამისი დაკვეთა ადგილზე.
არის ამისი სურვილი ცალკეულ ადამიანებში – ზოგიერთს სულსწრაფობით, ზოგიერთს რადიკალიზმით. არაფერს ვძრახავ, რადიკალიზმს ვგულისხმობ, სწრაფი და ერთჯერადი ნაბიჯით გადაწყვეტილების მიღების სურვილს და არა იმ თვალსაზრისით, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, მაგრამ სურვილი რჩება სურვილად. ის, რომ ბევრი ადამიანი სოციალურ ქსელში ამას დაწერს, ადამიანები, რომლებიც ძირითადად უცხოეთიდან წერენ, ან აქ არიან და აქციაზე ხან არიან, ხან არ არიან, ან საერთოდ არ არიან, საერთო მოძრაობაში ან არიან, ან არ არიან ჩართული და ძირითადად ლაპარაკობენ იმაზე, რატომ ვერ შედგა 4 ოქტომბერი, როცა თვითონ არ დაუდგნენ იმ ხალხს გვერდით, ვინც ამას ლაპარაკობდა, ვისაც უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. მე არ ვიძახი, რომ რაღაც შეთქმულებას ჰქონდა ადგილი, კი, იყო ჩარევა უშიშროების მხრიდან, მაგრამ უშიშროების მხრიდან ჩარევა იმას კი არ ნიშნავს, გაიყიდნენ ეს ადამიანები ან ისინი, ვინც იქ იდგნენ. ჩარევა იყო კონკრეტული არასწორი რაღაცების წახალისებით, ეს ასე ხდება ხოლმე. კიდევ ერთი და იმავეზე ლაპარაკს, როცა ხედავ, რომ, მაქსიმუმ, სურვილი არსებობს, თანაც, არცთუ ისე ბევრ ხალხში და უარეს შემთხვევაში, არსებობს ძალიან არასწორი ინსტიქტების წახალისება, რომელმაც შეიძლება, დაგვწიოს ერთი წლით უკან, ყველაზე კარგ შემთხვევაში, ალბათ ჯობია, უფრო რაციონალური, ცივი გონებით გააანალიზო ის, რაც ხდება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ „ფორმულას“ ეთერში.

