„საქართველოს რკინიგზის“ მგზავრებს, შესაძლოა, დაგვიანების შემთხვევაში, კომპენსაციით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცეთ.
სარკინიგზო საწარმოს მიზეზით დაგვიანების, ადგილზე 60 წუთით ან მეტი ხნით გვიან ჩასვლის შემთხვევაში მგზავრს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება ექნება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებულ „რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესშია“ აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, მგზავრისთვის გადასახდელი კომპენსაციის მინიმალური ოდენობაა: ბილეთის საფასურის 25% − 60 წუთიდან 120 წუთამდე დაგვიანებისთვის, ხოლო ბილეთის საფასურის 50% − 120 წუთით ან უფრო მეტი ხნით დაგვიანებისთვის.
„1. მგზავრს უფლება აქვს, მიიღოს კომპენსაცია სარკინიგზო საწარმოს მიზეზით გამოწვეული დაგვიანებისთვის, თუ იგი იგვიანებს ბილეთში მითითებული გამგზავრების პუნქტიდან დანიშნულების პუნქტამდე გადაადგილებისას და ბილეთის საფასური ანაზღაურებული არ არის ამ წესის 50-ე მუხლის შესაბამისად. ამასთანავე, მას უნარჩუნდება მგზავრობის უფლება. აღნიშნულ შემთხვევაში მგზავრისთვის გადასახდელი კომპენსაციის მინიმალური ოდენობაა:
ა) ბილეთის საფასურის 25% − 60 წუთიდან 120 წუთამდე დაგვიანებისთვის;
ბ) ბილეთის საფასურის 50% − 120 წუთით ან უფრო მეტი ხნით დაგვიანებისთვის.
- ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სააბონემენტო ბილეთის ან სეზონური ბილეთის მქონე მგზავრზე. სააბონემენტო ბილეთის ან სეზონური ბილეთის მოქმედების ვადის განმავლობაში დაგვიანების ან მომსახურების გაუქმების შემთხვევის განმეორებისას მგზავრს უფლება აქვს, მიიღოს კომპენსაცია სარკინიგზო საწარმოს საკომპენსაციო პირობების შესაბამისად. ამ პირობებით დადგენილი უნდა იყოს დაგვიანების განსაზღვრისა და კომპენსაციის გაანგარიშების კრიტერიუმები. თუ სააბონემენტო ბილეთის ან სეზონური ბილეთის მოქმედების ვადის განმავლობაში 60 წუთზე ნაკლები დროით დაგვიანების შემთხვევა მეორდება, შესაძლებელია ეს შემთხვევები კუმულაციურად აღირიცხოს და მგზავრმა კომპენსაცია მიიღოს სარკინიგზო საწარმოს საკომპენსაციო პირობების შესაბამისად.
- დაგვიანებისთვის კომპენსაცია გაანგარიშდება მგზავრის მიერ გადახდილი ბილეთის საფასურის მთლიანი ოდენობიდან, რაც არ მოიცავს დამატებით საკომისიო მოსაკრებელს. თუ მგზავრის გადაყვანის შესახებ ხელშეკრულება ორმხრივ მგზავრობას გულისხმობს, მიმავალი ან დასაბრუნებელი რეისის დაგვიანებისთვის კომპენსაცია გადაიხდება ბილეთში მითითებული მგზავრობის ამ კონკრეტული ნაწილის ღირებულების ოდენობით. თუ ბილეთში მგზავრობის ცალკეული ნაწილების ღირებულებები მითითებული არ არის, კომპენსაცია გადაიხდება ბილეთის საფასურის ნახევარი ოდენობით. დაგვიანებული მომსახურების ღირებულება, რომელიც გათვალისწინებულია მგზავრის გადაყვანის შესახებ ხელშეკრულების ნებისმიერი სხვა ფორმით და მგზავრს აძლევს ორ ან ორზე მეტ თანამიმდევრულ მონაკვეთზე მგზავრობის უფლებას, გაანგარიშდება ბილეთის მთლიანი საფასურის ოდენობის პროპორციულად.
- მგზავრებს შესაძლოა ჰქონდეთ კომპენსაციის მოთხოვნის ერთიანი ფორმით წარდგენის შესაძლებლობა. სარკინიგზო საწარმოებმა უარი არ უნდა თქვან კომპენსაციის მოთხოვნაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მგზავრმა არ გამოიყენა ერთიანი ფორმა. თუ მოთხოვნა საკმარისად ზუსტი არ არის, სარკინიგზო საწარმომ მგზავრს უნდა მოსთხოვოს მისი დაზუსტება და აღნიშნულთან დაკავშირებით გაუწიოს დახმარება. ერთიანი ფორმისათვის უნდა დადგინდეს ფორმატი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირისათვის.
- ბილეთის საფასურისთვის კომპენსაცია გადახდილი უნდა იქნეს მისი მოთხოვნიდან 30 დღის ვადაში. კომპენსაცია მოთხოვნილი უნდა იქნეს დაგვიანებული ან გაუქმებული რეისის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 10 დღის ვადაში. მგზავრის თანხმობის შემთხვევაში კომპენსაცია შეიძლება გაიცეს აგრეთვე ვაუჩერის სახით ან/და რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის სხვა, შესაბამისი მომსახურების მიწოდებით. კომპენსაცია გადაიხდება ფულადი სახით, მგზავრის მოთხოვნის საფუძველზე.
- კომპენსაცია ბილეთის ღირებულებისათვის არ უნდა შემცირდეს ფინანსურ ოპერაციასთან დაკავშირებული ხარჯებით, როგორიცაა გადასახადები, სატელეფონო ხარჯები და სხვა. სარკინიგზო საწარმოებს უფლება აქვთ დააწესონ მინიმალური ზღვარი, რომლის ქვემოთაც კომპენსაცია არ გადაიხდება. ეს მინიმალური ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს 5 ლარს ერთ ბილეთზე.
- მგზავრს არ აქვს კომპენსაციის მიღების უფლება, თუ მას დაგვიანების შესახებ ინფორმაცია ბილეთის ყიდვამდე მიეწოდა ან თუ იგი სხვა მომსახურების ფარგლებში მგზავრობის გაგრძელების ან მარშრუტის შეცვლის გამო 60 წუთზე ნაკლები დროით იგვიანებს.
- სარკინიგზო საწარმო ვალდებული არ არის მგზავრს გადაუხადოს კომპენსაცია, თუ მგზავრის გადაყვანის შესახებ ხელშეკრულებაში (ბილეთში) მითითებულ გამგზავრების პუნქტიდან გასვლის დაყოვნება, დანიშნულების პუნქტში ჩასვლის დაგვიანება, მომსახურების შეწყვეტა ან მგზავრის მიერ გადასასხდომ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაზე დაგვიანება გამოწვეულია ერთ-ერთი შემდეგი გარემოებით:
ა) საგანგებო გარემოებით, რომელსაც რკინიგზის საქმიანობასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს (არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობა, სტიქიური მოვლენა, ეპიდემია ან სხვა მიზეზი), თუ ეს გარემოება უშუალოდ ახდენს გავლენას შესაბამისი მომსახურების გაწევაზე და სარკინიგზო საწარმო აღნიშნულ გარემოებას ან მის შედეგებს თავიდან ვერ აიცილებდა, მიუხედავად იმისა, რომ მან განახორციელა საჭირო ძალისხმევა ამ გარემოების თავისებურების გათვალისწინებით;
ბ) მგზავრის ბრალით;
გ) მესამე პირის ქმედებით (ადამიანის ლიანდაგზე ყოფნა, ელექტროგაყვანილობის ქურდობა, მატარებელში საგანგებო სიტუაციის არსებობა, სამართალდამცავი ორგანოს მიერ ღონისძიების განხორციელება, საბოტაჟი, ტერორიზმი ან სხვა შემთხვევა), თუ ეს ქმედება უშუალოდ ახდენს გავლენას შესაბამისი მომსახურების გაწევაზე და სარკინიგზო საწარმო აღნიშნულ გარემოებას ან მის შედეგებს თავიდან ვერ აიცილებდა, მიუხედავად იმისა, რომ მან განახორციელა საჭირო ძალისხმევა ამ ქმედების თავისებურების გათვალისწინებით.
- ამ მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ ქმედებებზე: სარკინიგზო საწარმოს პერსონალის გაფიცვა, იმავე სარკინიგზო ინფრასტრუქტურით მოსარგებლე სხვა სარკინიგზო საწარმოს მოქმედება ან უმოქმედობა, ინფრასტრუქტურის მენეჯერის ან რკინიგზის სადგურის მენეჯერის მოქმედება ან უმოქმედობა“,- აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, თუ გონივრული ვარაუდის საფუძველზე მოსალოდნელია, რომ მგზავრის გადაყვანის შესახებ ხელშეკრულებაში (ბილეთში) მითითებულ დანიშნულების პუნქტში ჩასვლა 60 წუთით ან უფრო მეტი ხნით დაგვიანდება, დაგვიანებული მომსახურების გამწევმა სარკინიგზო საწარმომ მგზავრს დაუყოვნებლივ უნდა შესთავაზოს შემდეგი უფლებებით სარგებლობა, რომელთაგან მგზავრი ერთ-ერთს აირჩევს:
ა) მგზავრისთვის ბილეთის მთლიანი საფასურის ანაზღაურება მარშრუტის იმ მონაკვეთზე (მონაკვეთებზე), რომელზედაც (რომლებზედაც) მგზავრობა არ განხორციელდა, და იმ მონაკვეთზე (მონაკვეთებზე), რომელზედაც (რომლებზედაც) მგზავრობა უკვე განხორციელდა, თუ მგზავრის თავდაპირველი მგზავრობის გეგმა ვერ სრულდება;
ბ) მგზავრობის გაგრძელება ან მარშრუტის შეცვლა დანიშნულების პუნქტში ჩასასვლელად მსგავსი სატრანსპორტო პირობებით, პირველი შესაძლებლობისთანავე, თუ არსებობს აღნიშნულის ობიექტური შესაძლებლობა;
გ) მგზავრობის გაგრძელება ან მარშრუტის შეცვლა დანიშნულების პუნქტში ჩასასვლელად მსგავსი სატრანსპორტო პირობებით, მგზავრისთვის მოსახერხებელ დროს და ობიექტური შესაძლებლობის არსებობისას.
თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში მგზავრისთვის გონივრულ ვადაში შეუძლებელია მგზავრობის შეთავაზება სარკინიგზო ტრანსპორტით, გადამყვან-გადამზიდველმა მგზავრს უნდა შესთავაზოს ალტერნატიული სახმელეთო სატრანსპორტო მომსახურებით უზრუნველყოფა“, – ნათქვამია განკარგულებაში.
დოკუმენტში საუბარია ბარგის დაკარგვის, დაზიანებისა და დაგვიანებით მიწოდების შემთხვევაში კომპენსაციის პირობებზეც,რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია მოცემულია ბმულზე.

