“რუსთავი 2”-მა გუბერნატორზე მომზადებულ სიუჟეტში ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დაარღვია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებმა აკაკი გოგიჩაიშვილმა და ნონა ქვლივიძემ, გადაცემა „ბიზნესკურიერში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორზე მომზადებულ სიუჟეტში დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

განმცხადებელი, გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსი პაატა ლაგვილავა სადავოდ ხდიდა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში 2016 წლის 12 მარტს  გადაცემა “ბიზნეს კურიერში” გასულ სიუჟეტს „ნეპოტიზმი სამეგრელოში“ და  მიიჩნევდა, რომ აღნიშნვალი მასალა არასწორ ინფორმაციას შეიცავდა.

პაატა ლაგვილავას მტკიცებით, ნონა ქვლივიძემ და აკაკი გოგიჩაიშვილმა “განზრახ დაამახინჯეს ფაქტები და საზოგადოებას მცდარი ინფორმაციის ნამდვილობაში არწმუნებდნენ”.

ქარტიაში მიმდინარე წლის 15 მარტს შესული განცახდების თანახმად: „აკაკი გოგიჩაიშვილს და ნონა ქვლივიძეს არ უცდიათ სიმართლის დადგენა და ენდნენ ერთ წყაროს, პოლიტიკური პარტიის წევრს, რომელიც გუბერნატორის წინააღმდეგ დაინტერესებული ფიგურაა. ჟურნალისტმა არ გადაამოწმა ფაქტები რათა ეთერში გასულიყო ზუსტი, ინფორმაცია. მეტიც, ერთი პოლიტიკური პარტიის ინერესებიდან გამომდინარე ნონა ქვლივიძემ და აკაკი გოგიჩაიშვილმა განძრახ დაამახინჯეს ფაქტები და საზოგადოებას მცდარი ინფორმაციის ნამდვილობაში არწმუნებდნენ”, განმცხადებლის აზრით, დარღვეული იყო ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის  საბჭოს გადაწყვეტილებით, აკაკი გოგიჩაიშვილმა და ნონა ქვლივიძემ დაარღვიეს ეთიკის ქარტიის მხოლოდ პირველი პრინციპი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი