სააკაშვილმა მეგრულადაც რომ დაიწყოს საუბარი, მაინც არაფერი უშველით – ირაკლი ჩიქოვანი

ზუგდიდის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია “ეი სი თის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდიატი გიროგი შენგელია 12 პროცენტით იმარჯვებს,- ამის შესახებ განცხადება სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, “ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

„მოგმართავთ, ზუგდიდის არჩევნებში, “ნაციონალური მოძრაობის” დესტრუქციულ გეგმებთან დაკავშირებით, ჩვენს ხელთ არსებული ყველა კვლევით ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის პირობებში, “ქართული ოცნების” კანდიდატი ზუგდიდში დამაჯერებლად იმარჯვებს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ზუსტად ანალოგიური ინფორმაცი აქვს ნაციონალურ მოძრაობასაც და რუსთავი 2-ს, თუმცა ამას არ აქვეყნებენ. სააკაშვილმა მეგრულადაც, რომ დაიწყოს საუბარი, მაინც არაფერი უშველით. ამის დასტურია ისიც, რომ რუსთავი 2-მა არჩვნებამდე 2 დღით ადრე გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ის საუბრობს 2020 წლის არჩევნებისათვის განწყობილებებზე და ერთი სიტყვაც არ აქვს ნახსენები ზუგდიდში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ ნაციონალური მოძრაობა ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ საარჩევნო პროცესის დესტრუქციისთვის. ამის ნათელი მაგალითია ის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, რომელიც უკავშირდება საოლქო საარჩევნო კომისიას. მათ თითიდან გამოწოვილი მიზეზის გამო შეეცადნენ დესტრუქცია შეეტანათ საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობაში და შესაბამისად შეექმნათ პრობლემები კომისიის მუშაობაში. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორც მათ განაცხადეს, ზუგდიდში ჩამოდის 5000 დამკვირვებელი, მათგან 3000 კი სხვადსხვა საფარს ქვეშ იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა დონის კომისიებში, მათ შორის საუბნო კომისიებშიც.

ნათელია, რომ ამ რაოდენობის ადამიანი, რომელიც ჩამოსულია ზუგდიდში და საერთოდ წარმოდგენა არა აქვთ ზუგდიდთან მიმართებაში, შესაძლოა იყოს სერიოზული პრობლემა, რისთვისაც ემზადება ნაციონალური მოძრაობა. სამწუხარო ფაქტი, ასევე გახლავთ ის, რომ ადამიანები, რომლებიც ჩამობრძანებული არიან ჩვენს ქალაქში იქცევიან ძალიან აგრესიულად და დესტრუქციულად, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და მოვუწოდებ მათ შეინარჩუნონ სიმშვიდე და არჩევნების ბატალიების მიუხედავად იმოქმედონ ყველა იმ პროცედურის გათვალისწინებით, რომელიც კანონშია გაწერილი. ფაქტია, რომ ნაციონალურ მოძრაობას მშვიდი არჩევნები არ სურს, ამას თითოეული თქვენგანი კარგად ამჩნევს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს და ყველა ზუგდიდელს, მაქსიმალური მოთმინებით მოეკიდონ ყველა პროვოკაციას და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ სამართალდამცველებს. ჩვენ ღირსეულად უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები და ზუგდიდში ზუგდიდელებმა მივიღოთ გადაწყვეტილება და ზუგდიდელებმა ავირჩიოთ ჩვენი მერი. მათგან განსხვავებით თქვენ კარგად ხედავთ, რომ ჩვენ გვქონდა შინაარსიანი კამპანია, რომელიც ზუგდიდელებზე იყო ორიენტირებული და არც ერთ შემთხვევაში არ იყო საუბარი არც აგრესიაზე და არც შემთხვევაში არ იყო საუბარი იმაზე, რომ რაიმე ფორმით ვინმეს შეშლოდა ხელი. მივმარტავ ყველას, მშვიდად გავიაროთ შემდეგი 2 დღე და დამაჯერებლად გავიმარჯვოთ არჩევნებში“, – განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი