სალომე ზურაბიშვილი კახეთში ამომრჩეველს შეხვდა

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

დღეს სალომე ზურაბიშვილი კახეთის რეგიონში საგარეჯოში, გურჯაანში და ყვარელში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

„ძალიან თბილი, სასიამოვნო და საინტერესო შეხვედრები გვაქვს. დღეს, საგარეჯოში ვისაუბრე იმ ძალიან დიდ წარმატებაზე, რასაც წარმოადგენს ქართული მეღვინეობა, რომელიც ამდენი წელია ვითარდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სამაგალითო სხვა რეგიონისთვის თუ როგორ შეიძლება იყოს აღორძინებული რომელიმე დარგი და წარმატებული თუნდაც საზღვარგარეთ. ასევე, ვისაუბრეთ კულტურის თემაზე. აქ არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი თეატრი, რომელსაც ნამდვილად სჭირდება მხარდაჭერა და მე ამის პრეზიდენტი ვიქნები, როგორც ბევრი სხვა უფლებების დამცველი, მაგრამ ეს კულტურა არის ის, რაც ჩვენთვის არის ბევრად მეტი, ეს არის ჩვენი ღერძი, ჩვენი იდენტობა და უნდა მივხედოთ კიდევ უფრო აქტიურად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეხვედრას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დაესწრნენ და ადგილობრივებს დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს..

“მსურს, მივესალმო პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტობის პოსტზე ჩვენი პარტია, „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს. ყველა არჩევნების წინ მოვდივართ თქვენთან და გთხოვთ, რომ ხმა მოგვცეთ. თუმცა, აქ სულ სხვა რამისთვის შევიკრიბეთ, არ მინდა, რომ ხმა მისცეთ მას მხოლოდ იმიტომ, რომ მისი წინაპრები გურჯაანიდან არიან, არ მინდა მხარი დაუჭიროთ მხოლოდ იმიტომ, რომ ნიკო ნიკოლაძის შთამომავალია, მხოლოდ იმიტომ, რომ ემიგრაციაში გაიზარდა და სამშობლოს სიყვარულმა დააბრუნა დღეს საქართველოში. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მთავარი. მინდა, გთხოვოთ არა ხმის მიცემა, არამედ ინფორმირებული, სწორი არჩევანის გაკეთება. გულით, გრძნობით და გონებით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის როლს და ფუნქციას პრეზიდენტის პოსტზე, სწორედ საზოგადოებრივი ინტერესების გამომხატველად ვხედავ, ის არ იქნება რომელიმე პარტიის ინტერესების გამტარებელი. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სალომე იქნება კიდევ ერთი დიდი ხიდი მოსახლეობასა და ხელისუფლების შორის“, – განაცხადა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი