სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ დავით კოდუა დაინიშნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ახალი მოადგილე ჰყავს. ამ თანამდებობაზე დავით კოდუა დაინიშნა, რომელიც 2014 წლიდან დღემდე, გუბერნატორის ადმინისტრაციაში რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი იყო. გუბერნატორის ახალი მოადგილე კურატორობას გაუწევს რეგიონში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

შეგახსენებთ, რომ დავით კოდუა გუბერნატორის ადმინისტრაციამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სერვის ცენტრის შემოსავლების სამსახურის უფროსად მუშაობდა. მას სტაჟირება გავლილი აქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტში.

დავით კოდუას განათლება დიდ ბრიტანეთში აქვს მიღებული. ის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრია (MBA), დამთავრებული აქვს ლონდონის კომერციის სკოლა (London School of Commerce – Cardiff Metropolitan University). მანამდე,  დავით კოდუამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  დაამთავრა. მას უმაღლესი პროფესიული პროგრამები ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით გავლილი აქვს ბიზნეს სკოლა „ESM”-ში (თავისუფალი უნივერსიტეტი).

გუბერნატორის ახალი მოადგილე ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი