სამეგრელოს 120 დიპლომატი სტუმრობს

28-29 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, “დიპლომატიური ტური” იმართება, რომლის ფარგლებშიც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამეგრელოს რეგიონს ეწვივნენ.

დიპლომატიურ ტურში საქართველოში აკრედიტებული ორმოცამდე რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩი მონაწილეობს, გარდა ამისა ელჩებთან ერთად წარმოდგენილი არიან დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

ტურის ფარგლებში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები სამეგრელოს რეგიონის როგორც ეკონომიკურ, ასევე ტურისტულ პოტენციალს და ღირშესანიშნაობებს ეცნობიან.

დღეს დიპლომატები ენგურის ხიდზე არსებულ ვითარებას გაეცნენ, მოგვიანებით კი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები დაათვალიერეს, ელჩები აგრეთვე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიას და „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მოქმედ საწარმოს ეწვევიან.

ტურის მონაწილეებისთვის რეგიონის შესახებ პრეზენტაციას გამართავს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია.

დიპლომატიური ტური 2016-ის თანაორგანიზატორია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, „საპარტნიორო ფონდი“ და საქართველოს რკინიგზა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი