სამინისტროების რაოდენობა სამით მცირდება

მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, მთავრობაში შემავალი სამინისტროების რაოდენობა დღეს არსებული 14-დან 11-მდე შემცირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„ჩვენ მიერ დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, მთავრობაში შემავალი სამინისტროების რაოდენობა დღეს არსებული 14-დან 11-მდე შემცირდება. ეს რეფორმა, რომელიც სამთავრობო პროგრამის ნაწილია და დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც შესაბამის დროს და პროცედურებს მოითხოვს. ჩვენთვის ნდობის გამოცხადება კანონით დადგენილ ვადებში, სამწუხაროდ, ვერ ესწრება. შედეგად ვიღებთ ვითარებას, როცა ხვალ პარლამენტის წინაშე ნდობით მოსაპოვებლად უნდა წარვდგეთ დღეს არსებული სამთავრობო სტრუქტურით და კაბინეტის წევრთა ფორმალური შემადგენლობით, რომელთა ნაწილი ახალი კაბინეტის წევრი აღარ იქნება. დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ, როდესაც საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებები განხორციელდება, დასრულდება კონსტულაციები პარლამენტში, ეს პროცედურა – განხილვები კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომაზე, ხელახლა უნდა გავიაროთ უკვე განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მთავრობაში რამდენიმე ახალი სახე იქნება, თუმცა კონკრეტულ პირებზე არ უსაუბრია.

მისივე თქმით, დროის დაზოგვის მიზნით, საპარლამენტო გუნდს სთავაზობს, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა შემდეგი ორი დღის განმავლობაში შედარებით შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი