სამხედრო პოლიციამ თავდაცვის სამინისტროდან დიდი ოდენობით საბრძოლო ვაზნების მოპარვის და რეალიაქციის ფაქტზე სამი პირი დააკავა


სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებულია სამი პირი.

როგორც  სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ირაკლი ბაზერაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, შეიარაღებულ ძალებში მომხდარ ნებისმიერ დანაშაულებრივ ფაქტზე, სამხედრო პოლიციის  მიერ მოხდება მყისიერი, კანონშესაბამისი რეაგირება, ხოლო დანაშაულის ჩამდენი პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

„საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის, შენახვის განყოფილების საბრძოლო მასალის შენახვის სპეციალისტი გ. გ. დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებოდა ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის საშტაბო ასეულის მეთაურის მოადგილე ზ. მ.-სთან, რომლებიც შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ საბრძოლო მასალას კონკრეტულად (საბრძოლო ვაზნებს), მოქალაქე ს. ბ.-ს. დახმარებით ახდენდნენ რეალიზაციას.

საქმეზე ჩატარებული საგამოძებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულების ბინიდან, დამხმარე სათავსოდან და ავტომანქანიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით საბრძოლო ვაზნები. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა, რომელთაც ბრალის დადასტურების შემთხვევაში ემუქრებათ 9-13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

გვინდა განვაცხადოთ, რომ შეიარაღებულ ძალებში მომხდარ ნებისმიერ დანაშაულებრივ ფაქტზე, ჩვენს მიერ მოხდება მყისიერი, კანონშესაბამისი რეაგირება. დანაშაულის ჩამდენი პირები კი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან”, – აღნიშნა ბაზერაშვილმა..

კომენტარები

დატოვე კომენტარი