სანდრას რატომ არ ასამართლებთ? სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად – მიხეილ სააკაშვილი

სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრაზე. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა მიმდინარეობს.

„ამ ხარჯების მეოთხედი, მეხუთედი სანდრაზეა. მაგრამ სანამ სანდრას გაასამართლებთ გაიხსენეთ, რომ სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სექტორში. სანდრას მეშვეობით 4-ჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე, ყველა ციხის ექიმი გეტყვით, სანდრას ჯანდაცვისთვის ციხეში რამდენი რამ აქვს გაკეთებული.

სანდრა არ იყო კორუფციონერი?

გენერალური ასამბელის სესიაზე ერთად ვიყავით და აღმოაჩნდა სასწრაფო ონკოლოგიური პრობლემა, სასწრაფო ოპერაცია გავუკეთეთ ნიუ-იორკის ჰოსპიტალში, დაჯდა საკმაოდ ძვირი თანხა, ეს საქმე რატომ არ არის შეტანილი საქმის მასალებში?!“, – განაცხადა პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს ე.წ. “პიჯაკების საქმეზე” სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

პროკურატურის თანახმად, საქმე ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის ფაქტს.

გამოძიების ვერსიით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყო თანხები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი