სატვირთოს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურები გადაჰქონდა, ცეცხლი გაუჩნდა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილი შტაბის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი, რომელსაც თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 28-ე კილომეტრზე ცეცხლი გაუჩნდა, თურქეთის რესპუბლიკიდან თბილისში, ლილოს ტერმინალის მიმართულებით ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურების გადაზიდვას ახორციელებდა.

„მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და დაადგინოს ხანძრის გამომწვევი მიზეზები“, – ნათქვამია შტაბის განცხადებაში.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც “Newsportal.ge”-ს შსს-ში განუმარტეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 188-ემუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან
თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი