სახელმწიფო მინისტრი და გუბერნატორის მოადგილე აფხაზ და ქართველ დედებს შეხვდნენ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი, დედის დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში აფხაზ და ქართველ დედებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან დავით კოდუასთან ერთად შეხვდა.

შეხვედრაში რეგიონში მცხოვრები ოცამდე ქართველი და აფხაზი დედა მონაწილეობდა. ქეთევან ციხელაშვილმა მათ დედის დღე მიულოცა და სამშვიდობო პროცესში ქალების როლზე გაამახვილა ყურადღება.

„მსურს, მოგილოცოთ ეს დღესასწაული და გისურვოთ მშვიდობა თქვენი შვილებისთვის. ქალებმა და დედებმა ყველაზე უკეთ ვიცით მშვიდობისა და სიცოცხლის ფასი. ქართველ და აფხაზ დედებს ერთი ტკივილი გვაერთიანებს – ტრაგედია, რომელიც არ უნდა მომხდარიყო და აღარასოდეს უნდა განმეორდეს. თქვენს შორის არიან შერეული ოჯახების აფხაზი დედები და ისინი არიან საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაიძლიოს დაპირისპირება, ტკივილი და როგორ უნდა ვიაროთ ერთად ჩვენი შვილების, მომავალი თაობების მშვიდობიანი მომავლისკენ და კეთილდღეობისაკენ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა და გუბერნატორის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეთა კითხვებსაც უპასუხეს. გაიმართა დისკუსიაც. შეხვედრა დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის, ასოციაცია „იმედის“ თანაორგანიზატორობით გაიმართა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი