პრემიერ-მინისტრის თქმით, ის რომ ევროკავშირმა თავის წევრ ქვეყნებს მისცა რეკომენდაცია საქართველოსთან საზღვარი გახსნან, ქვეყნის მიღწევების აღიარებაა.
“ის აღიარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, გონივრულად უნდა გადავთარგმნოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებში. ამიტომ, ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ კონკრეტულ სახელმწიფოებთან იმისთვის, რომ პირდაპირი ფრენები იყოს აღდგენილი, რასაც სჭირდება გონივრული მიდგომა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობაზე. არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის სტუმარი იქნება, საქმიანი, სამედიცინო მიზნით. სტუდენტები გვყავს დასაბრუნებელი. საქართველოში 20 ათასი უცხოელი სტუდენტია, რომელიც სექტემბრისთვის უნდა დავაბრუნოთ. ამიტომ ეს ყველაფერი იქნება ეტაპობრივი და გონივრული. ევროკავშირმა ეს სია გააკეთა ერთი დათქმით, რომ ყოველ 2 კვირაში მოხდება სიის გადახედვა, კრიტერიუმი ეპიდემიოლოგიური მდგომაროება იქნება. მოლაპარაკება მიდის ბალტიისპირეთის ქვეყნებთან – გერმანიასთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან და ყველა იმ ქვეყანასთან, რომელთანაც გვაქვს საშუალება სწრაფად აღვადგინოთ პირდაპირი ფრენები”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება სახმელეთო საზღვრების გახსნას, პრემიერის თქმით, საზღვარი ტვირთბრუნვისთვის გახსნილია და ეფექტური კონტროლი მიმდინარეობს, ხოლო ფართოდ გახსნა, ჯერჯერობით, არ იგეგმება:
“სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ნაჩქარევ ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ. საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ არ ვგეგმავთ”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, გრძელდება საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების პროგრამაც და სპეციალურ რეისებზე ისინი შეღავათიანი ფასებით ისარგებლებენ.