შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ზუგდიდში დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, შსს-მ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავა.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარაზენთან სამსახურებრივ შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მათ ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
სამართალდამრღვევი პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ისინი დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის შენობაში“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა გიორგი პატარაიამ ხელწერილის საფუძველზე პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა.