სილამაზის სალონების, ტოტალიზატორების და გარკვეული სავაჭრო ობიექტების მუშაობა შეჩერდება – ფოთის მერი

ფოთში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებით დაიხურა ტოტალიზატორები, სილამაზის სალონები, ყველა სავაჭრო ობიექტი გარდა სურსათის, აფთიაქების და შხამქიმიკატების.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა სკოლამდელ დაწესებულებებში, სკოლებში, სასპორტო და სახელოვნებო სკოლებში, ადმინისტრაციულ შენობებში.

უწყების ინფორმაციით, შიდა საქალაქო ტრანსპორტს დეზინფექცია ყოველდღიურ რეჟიმში უტარდება.

ამასთან, შეიზღუდა სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილება. ა(ა)იპ სოციალური მომსახურების ცენტრის სასადილო გადავიდა შინ მიტანის სერვისზე. 300 ბენეფიციარს მოხალისეთა დახმარებით შინ მიეწოდებათ საკვები.

„გვქონდა შეხვედრა სურსათის მაღაზიების მფლობელებთან, გვქონდა საუბარი იმაზე, რომ არ ყოფილიყო ფასების ხელოვნურად ზრდა. რაც შეეხება რესტორნებს, მათი ნაწილი გააგრძელებს მუშაობას მიტანის სერვისით, ადგილზე მომსახურება კი არ იქნება. აგრალური ბაზრის დაკეტვის საკითხი დღეისათვის არ დგას, გაძლიერებული რეჟიმით მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, მაქსიმალურად ხდება პრევენციული ღონისძიებების გატარება“, – განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი