სოფლის მეურნეობის მინისტრი სამეგრელოში ფაროსანას შეწამვლის ღონისძიებებს გაეცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მხარის რწმუნებულთან, ლევან შონიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას სამეგრელოს რეგიონში გაეცნო.
მინისტრი და გუბერნატორი სიმინდის და თხილის ფართობები დაათვალიერეს და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ. ლევან დავითაშვილმა შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია ფერმერებისგან პირადად მოისმინა და თხილის გადამამუშავებელი საწარმოც მოინახულა.

“აზიური ფაროსანა რთულად დასამარცხებელი მავნებელია. ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა ვებრძოლოთ მავნებელს. სახელმწიფოს აქვს მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მოსახლეობაც მზად არის აქტიურად ჩაერთოს მავნებელთან ბრძოლის პროცესში. პირველ ეტაპზე მავნებლის საწინააღმდეგოდ დამუშავდა თხილის ფართობები და თანმიმდევრულად ჩატარდება სხვა კულტურებშიც. ღონისძიებები წლის ბოლომდე გაგრძელდება რათა მომავალი წლისთვის მავნებლის პოპულაცია შევამციროთ“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სახელმწიფოს მიერ გატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა მიაწოდეს. მათი ინფორმაციით, მავნებელთან ბრძოლოს პირველ ეტაპზე 53 ათასამდე ჰექტარი თხილის ფართობი შეიწამლა. ღონისძიებების მეორე ეტაპზე კი 20 ათასამდე ჰექტარია უკვე დამუშავებული და სულ 50 ათასამდე ჰექტრის შეწამვლაა დაგეგმილი. ქიმიური წამლობა მიმდინარეობს ზუგდიდის, სამტრედიის, აბაშის, ხობის, მარტვილის, სენაკის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში. რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული.

სააგენტოს ცნობით, მავნებლის გავრცელების კერებში ინტენსიურად მუშაობს 7 ერთეული ამერიკული თერმული ნისლის გენერატორი, 6 ერთეული იტალიური სამანქანე შემასხურებელი და 2 იტალიური სატრაქტორო აგრეგატი.საკარმიდამო ნაკვეთები და ნათესი ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით და სამანქანე აგრეგატებით მუშავდება. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში აგრეთვე ჩართულია მაღალი წარმადობის დისპერსიული აეროზოლური შემასხურებელი,რომელსაც დღეში ასეულობით ჰექტარი სიმინდის მასივის დამუშავება შეუძლია.

 ზუგდიდში სურსათის ეროვნული სააგენტოს შენობაში შექმნილია მავნებელთან ბრძოლის დროებითი შტაბი. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი