სომხეთში ახალი პოლიტიკური პარტია “სომხური ოცნება” დაფუძნდა

სომხეთში ახალი პოლიტიკური პარტია “სომხური ოცნება” შეიქმნა, რომელიც დამფუძნებელი ყრილობაც დღეს გაიმართა.

სომხური მედიის ცნობით, პარტიის საინიციატივო ჯგუფში შედიან: პოლიტოლოგი არმენ მკრტჩიანი, იურისტი ცოლაკ გრიგორიანი, ყარაბაღის ომის ერთ-ერთი მეთაური არშაკ არშაკიანი, ეკონომისტი სმბატ როსტომიანი, აღმოსავლეთმცოდნე გეგამ არუთიუნიანი, იურისტი დავიდ ხოსროვიანი და ადვოკატი არტავაზდ სარქისიანი.

პარტიის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ „ხავერდოვანმა რევოლუციამ“ სომხეთის მოქალაქეები კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემის მძიმე უღელისგან გადაარჩინა. საბოლოო გამარჯვების მისაღწევად კი ნამდვილი დემოკრატიული პოლიტიკურ-ეკონომიკური მართვის სისტემის შექმნაა საჭირო.

“საჭიროა ახალი პოლიტიკური კულტურის, პოლიტიკური თავისუფალი და კონკურენტუნარიანი სფეროს ჩამოყალიბების და რეალური ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა. ამისათვის ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, პლურალისტური და კომპეტენტური პარლამენტი ჩამოყალიბდეს “, – განაცხადა დეკლარაციის წაკითხვისას გეგამ არუთიუნიანმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი