სვანეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო

მესტიაში, სადაც ორი დღის წინ მდინარე მესტიაჭალას ადიდებამ პრობლემები შექმნა, დილიდან გაწმენდით სამუშაოებს ატარებს სპეციალური ტექნიკა.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც სს “სვანეთი ჰიდროს” წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ეცნობიან ლეხზირის ხეობაში 25 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგებს.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროლოგებმა, გეოლოგებმა და გლაციოლოგებმა ვერტმფრენით დაათვალიერეს და გაეცნენ ლეხზირის ხეობაში არსებულ ვითარებას. პირველადი დათვალიერებით სტიქიის მსგავსი მასშტაბებით განმეორების საშიშროება აღარ არსებობს. ამ დროისთვის ხეობაში რჩებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი, რომლებიც დეტალურად შეისწავლიან არსებულ მდგომარეობას.

შეგახსენებთ, რომ ლეხზირის ხეობაში, სადაც მდინარე მესტიაჭალა ადიდდა, დაიტბორა ჰიდროელექტროსადგური “მესტიაჭალა 1”, ასევე მოხდა სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან 100-მდე ტურისტის ევაკუაცია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი