“თიბისი ბანკის” დამფუძნებლები განცხადებას ავრცელებენ

პროკურატურა ცდილობს ამ პოლიტიზირებულ საქმეზე, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი, გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა გადაიტანოს დიპლომატიურ კორპუსზე, – ნათქვამია მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, 6 სექტემბერს, გენერალურმა პროკურატურამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დახურულ შეხვედრაზე მიიწვია, სადაც პროკურატურის მიერ დაქირავებული ორი უცხოელი ექსპერტის მომზადებული დასკვნის წარდგენაა დაგეგმილი.

„შეხვედრაზე დაგეგმილია პროკურატურის მიერ დაქირავებული ორი უცხოელი ექსპერტის მომზადებული დასკვნის წარდგენა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით.

გვსურს შევახსენოთ პროკურატურას, რომ საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში დადგენილი წესის თანახმად, ერთადერთი ლეგიტიმური სივრცე, სადაც ბრალდების ორგანომ – პროკურატურამ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცოს პირის დამნაშავეობა, არის მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო პროცესი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბიზნესმენები მიჩნევენ, რომ ამგვარი შეხვედრით პროკურატურა ცდილობს ამ პოლიტიზირებულ საქმეზე, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი, გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა გადაიტანოს დიპლომატიურ კორპუსზე.

„ჩვენ მოვითხოვთ საქმის გამჭვირვალედ წარმართვას, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გარანტირებული ყველა სტანდარტის დაცვით. თუ ხელისუფლებას აქვს სურვილი აღნიშნულ საქმეზე ჩართოს საერთაშორისო ექსპერტები, მივიჩნევთ, რომ ეს ექსპერტები უნდა იყვნენ არა პროკურატურის მიერ დაქირავებული იურისტები, მათი კვალიფიკაციის მიუხედავად, არამედ მისგან დამოუკიდებელი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე იურისტები, რომლებსაც მიეწოდებათ საქმის შესახებ სრული და ყოველმხრივი ინფორმაცია და ექნებათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად ჩამოიყალიბონ აზრი მიმდინარე საქმეზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი