თბილისში აქციის მონაწილეების დაკავების ფაქტზე შს სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ათი პირი დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს ათი პირი, რომლებსაც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ.

გარდა ამისა, ისინი გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს.

პოლიციელებმა აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო 173-ე მუხლი – სამართალდამცველის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან მის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი