ტერორიზმის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, ტერორიზმის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში,  იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა.

“კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს მოქალაქე მალხაზ ტ-ს მიმართ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით მიმდინარეობს,  აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული პირი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით). მალხაზ ტ-ს საცხოვრებელი სახლის და სამსახურის ჩხრეკისას ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე “ისლამური სახელმწიფოს” სიმბოლიკიანი დროშები და სხვადასხვა ატრიბუტიკა”, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი