წალენჯიხის მერიის თანამშრომლებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

სასამართლომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიება განუსაზღვრა.

გამოძიება ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელსა და უწყების ფინანსისტს, დაბა ჯვარში მდებარე მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 20 ათასი ლარის აღებას ედავება.

დაცვის მხარე თეიმურაზ მებონიასა და ბესიკ ძაძამიას მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება.

გამოძიების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის თებერვალში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, დარგობრივი ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, საფინანსო ზედამხედველობისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 1550 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 26 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ (მოხელის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დიდი ოდენობით ქრთამის აღება) ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი