უშგულში დანგრეული კოშკის რეაბილიტაცია წელსვე დაიწყება

უშგულის თემის სოფელ ჩვიბიანში კოშკის ჩამონგრევასთან დაკავშირებით,  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,სოფ. ჩვიბიანში 22 ივნისს ჩამოშლილ სვანური კოშკს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელსვე აღადგენს. დღესვე სააგენტოს სპეციალისტები ძეგლის პირველადი დათვალიერების შედეგად ადგილზევე დაადგენენ დაზიანების ხარისხსა და გადაუდებელი სამუშაოების ნუსხას. 24 ივნისს კი სვანეთში მივლინებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფი კიდევ უფრო საფუძლიანად შეისწავლის საგვარეულო კოშკის ნგრევის მიზეზებს, განახორციელებს ჩამოშლილი ნაგებობის აზომვებსა და კოშკის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის სპეციალურ ანგარიშს მოამზადებს. მალევე დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წინასწარი დასკვნის თანახმად სოფ. ჩვიბიანში ჩარკვიანების საგვარეულო კოშკის ნგრევის მიზეზი, მკაცრი კლიმატური პირობებით გამოწვეული მისი ამორტიზებულობა გახდა. ზოგადად, სვანური კოშკების მნიშვნელოვანი ნაწილის კრიტიკული მდგომარეობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მათზე სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოების განუხორციელებლობას უკავშირდება. ამ პირობებში სააგენტოსთვის რთულად განსასაზღვრი იყო კონრეტული პრევენციული ღონისძიებები, რათა 22 ივნისს მიღებული შედეგი თავიდან ყოფილიყო აცილებული.”

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო სვანეთში რეაბილიტირებული კოშკების შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას, სადაც ნათქვამია:

“სვანური კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებული მნიშვნელობა სახელმწიფოს დეკლარირებულად აქვს აღიარებული. ამ სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უკვე დაწყებული აქვს სოფ. ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ყოვლისმომცველი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამავდროულად განვლილი 3 წლის განმავლობაში სააგენტოს მიერ მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში უკვე რეაბილიტირებულია 70 – მდე სვანური კოშკი და მაჩუბი. სოფ. ჩვიბიანში დაგეგმილი რეაბილიტაციის პროექტიც ამ გეგმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მომდევნო წლებში აუცილებლად განხორციელდება”.

მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის  თემის სოფელ  ჩვიბიანში ერთ-ერთი კოშკი წუხელ  ჩამოინგრა. მესტიის გამგებლის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ნგრევა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი