ვალერი კვარაცხელია – C ჰეპატიტის მართვის ცენტრში სამშენებლო ხარვეზები გამოსწორებულია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვალერი კვარაცხელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდის C ჰეპატიტის მართვის ცენტრში იმყოფებოდა, სადაც მინისტრის მოადგილე არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, C ჰეპატიტის მართვის ცენტრში სამშენებლო ხარვეზები გამოსწორებულია. მისი ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონში მდებარე სკრინინგისა და მართვის ცენტრი ახლომდებარე რაიონების მოსახლეობას მოემსახურება. ადგილზე სერვისების სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი. ცენტრში სკრინინგი, პროგრამაში ჩასართავი კვლევები, მკურნალობა და შემდგომი მონიტორინგი განხორციელდება.

C ჰეპატიტის მართვის პირველი ცენტრი თბილისში ამოქმედდა. ქვეყნის მასშტაბით მეორე ცენტრისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო შეირჩა.

ჰეპატიტის მართვის ახალაშენებული ცენტრი 27 იანვარს, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაათვალიერა და არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად სამშენებლო კომპანიას 10 დღის ვადა მისცა.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი