ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან – მაია ცქიტიშვილი

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ ანაკლიის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, დღევანდელი შემადგენლობით არსებულმა კონსორციუმმა სასამართლო დავა დაიწყოს, მაია ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ აღნიშნულს არ გამორიცხავს.

„რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას, მაგრამ არა სახელმწიფოს მხრიდან, არამედ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან. სამწუხაროდ, მე ამას ვამბობ, იმაზე დაყრდნობით, თუ რა მესიჯებს ვისმენთ ან რა ტერმინოლოგიას, განსაკუთრებით ბოლო დროს, განსაკუთრებით რამდენიმე ასეთი სიტყვაა დამაფიქრებელი, როგორიც არის: პოლიტიკური საბოტაჟი, დივერსია და ა.შ. სამწუხაროდ, ვერ გამოვრიცხავ და ამ შემთხვევაში ვიტყვი იმასაც, რომ ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. მე მაინც გავიხსენებ და შეგახსენებთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებლის რიტორიკას ამ პროექტთან დაკავშირებით, რომ ეს პროექტი იყო დაწყებული იმის გამო, რომ მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული ოკუპირებულ ტერიტორიას, რომ ეს არის რეგიონისთვის აუცილებელი განვითარება და ა.შ. ….

მე ჯერ კიდევ მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლებს ახსოვთ თავისივე სიტყვები, თუ რის გამო იყო მათთვის ეს პროექტი მნიშვნელოვანი. პირადადაც მათ შორის. მოდით, იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი