ვინ ლიდერობს სიძულვილის ენის გამოყენებაში წინასაარჩევნოდ

“სიძულვილის ენა წინასაარჩევნო დისკურსში” – ასე ქვია “მედიის განვითარების ფონდის” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც ასახლულია, ვინ და რამდენჯერ გამოიყენა წინასაარჩევნოდ სიძულვისლის ენა.

ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი (59) დისკრიმინაციული განცხადება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გააკეთეს. მათ მცირედით (49) პრეზიდენტობის კანდიდატები ჩამორჩებიან, ხოლო კანდიდატებისა და პარტიების მიმართ 11 ასეთი განცხადება გაკეთდა.

რაც შეეხება თავად პრეზიდენტობის კანდიდატებს: ყველაზე მეტი დისკრიმინაციული განცხადება “თავისუფალი საქართველოს” კანდიდატს კახა კუკავას (19) ეკუთვნის, საიდანაც უმეტესობა მიგრანტების წინააღმდეგ იყო მიმართული. მეორე ადგილზე ლეიბორისტთა ლიდერი შალვა ნათელაშვილია, რომლის 9 კომენტარიდან უმეტესობა (6) ქსენოფობიური იყო, 2 ჰომოფობიური და 1 თურქოფობიური. დამოუკიდებელი კანდიდატის ბესარიონ თედიაშვილის განცხადებები (7) მიგრანტების (5) წინააღმდეგ იყო მიმართული, ასევე თურქოფობიური (2) შინაარსის იყო.

“სხვა დამოუკიდებელი კანდიდატების – გიორგი ანდრიაძე (5), კახაბერ ჭიჭინაძე (4) და ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის კანდიდატის გელა ხუციშვილის (2) მიერ გაკეთებული განცხადებები შედარებით ნაკლები იყო და ძირითადად ქსენოფობიური ხასიათის. მმართველი პოლიტიკური პარტიის “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან 2 შემთხვევაში ქსენოფობიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების შემთხვევა გამოიკვეთა, 1 შემთხვევაში კი, მას ადრე გაკეთებული ქსენოფობიური კომენტარი გაუხსენეს”, – ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური პარტიებიდან სიძულვილის ენის მხრივ პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსი” ლიდერობს (30), რომელსაც მოსდევს “ქართული დასი” (13). მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა მხრიდან 5 დისკრიმინაციული კომენტარი გაკეთდა, ხოლო ოპოზიციური “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან 4.

გარდა ამისა, ყველაზე მეტად სიძულვილის ენა “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის (5) მისამართით გამოიყენეს. კერძოდ, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებიდან 2 მის რელიგიურ იდენტობას შეეხებოდა, 2 მის მიმართ ძალადობის წახალისებას ახდენდა, 1 შემთხვევაში კი გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია იკვეთებოდა. მეორე ადგილზე “ნაციონალური მოძრაობაა (3), მესამეზე “ევროპული საქართველო”, მეოთხეზე ზურაბ ჯაფარიძე.

წინასაარჩევნო პერიოდში (1 აგვისტო – 15 ოქტომბერი) სამონიტორინგო მედიით ჯამში 117 დისკრიმინაციული განცხადება გაშუქდა, აქედან ყველაზე დიდი წილი (47,9%, 56 კომენტარი) ქსენოფობიურ, მიგრანტების წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებზე მოდის, რომელსაც მოსდევს თურქოფობია (16,2%, 19), ჰომოფობია (14,5%, 17), რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია (10,3%, 12), ძალადობის წახალისება (6,8%, 8), შუღლის გაღვივება (1,7%, 2), გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია (1,7%, 2) და რასიზმი (0,9%, 1)

მედიამონიტორინგის დაკვირვების საგანი იყო სიძულვილის ენა და სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაცია, რომელსაც საარჩევნო სუბიექტები და პარტიები გამოხატავდნენ, ასევე კანდიდატებისა და პარტიების მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენა. ანგარიშში მხოლოდ ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის, ასევე ძალადობის წახალისების შემთხვევებია შესული და არა პოლიტიკური ოპონირების ფარგლებში გაკეთებული შეურაცხმყოფელი კომენტარები. მონიტორინგი 1 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. მონიტორინგის სუბიექტებად შეირჩა როგორც მეინსტრიმული, ასევე ტაბლოიდური მედია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი