„ვიზეარი“ რჩება საქართველოში – ნათია თურნავა

მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა, რომ „ვიზეარი“ არსად გადის, საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და რჩება თავისი მომხმარებლის, საქართველოს მოქალაქეების ერთგული, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ახალი კორონავირუსის პანდემიამდე, „ვიზეარი“ საქართველოდან 30-მდე მიმართულებით ოპერირებდა და კიდევ 10-მდე ახალი მიმართულება ჰქონდა დააანონსებული.

„ახლახან პირადად ვესაუბრე კომპანიას და „ვიზეარი“ თავადაც დაადასტურებს საჯაროდ, რომ არსად არ გადის, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოსთან თანამშრომლობას, ერთგული რჩება თავისი მომხმარებლების, ჩვენი მოქალაქეების, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში „ვიზეარის“ მეშვეობით და ჩვენი ხელშეწყობით ძალიან კომფორტულად და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებით მგზავრობდა საქართველოდან და პირიქით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დღეს ავიაციის გლობალური ინდუსტრია საკმაოდ დიდი სირთულეების წინაშეა.

„მთავარია, რომ „ვიზეარი“ არსად გადის. კომპანიის განაცხადი შემოსულია ოფიციალურად ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და ელოდება ჩვენს შეტყობინებას. რა მომენტშიც ვიქნებით მზად და ჩავთვლით შესაძლებლად, რომ უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით გარკვეული მიმართულებები უნდა გააქტიურდეს, „ვიზეარი“ გააგრძელებს ფრენებს და ამას თავად კომპანია უახლოეს ხანებში დაადასტურებს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი