წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

პრემიერ-მინისტრმა არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებებს ხელი დღეს მოაწერა.

განკარგულებები, როგორც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ პრეზიდენტის ვებ-გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

ორივე განკარგულების კონტრასიგნაციის საკითხი მთავრობამ 6 ივნისის სხდომაზე განიხილა და პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი მოიწონა.

საქართველოში როგორც საპარლამენტო არჩევნები, ისე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება.

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან ძალაში შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების, სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს. მოქმედებას იწყებს ”საარჩევნო კოდექსით” დაწესებული ყველა ის აკრძალვა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი