წლევანდელი არჩევნები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველებისთვის – აშშ-ის ელჩი

აშშ-ის ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებით, წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველებისთვის, აჩვენონ მსოფლიოს, რომ ის პროგრესი, რომლისთვისაც ამდენი იშრომეს, შეუქცევადია.

როგორც დეგნანმა ფიცის დადებისას აღნიშნა, ის მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის მხარდასაჭერად.

„ჩვენ ვრცელი სამუშაო გეგმა გვაქვს საქართველოსთან და ბევრს ველით ჩვენი ქართველი მეგობრებისგან. ქართველებმა გვაჩვენეს, რომ აქვთ შეუპოვრობა და მხნეობა იმ დემოკრატიული პროცესების დასაცავად და საჭირო რეფორმების გასატარებლად, რომლის დამკვიდრებისთვისაც ამდენი იშრომეს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისათვის. ეჭვგარეშეა, რომ საქართველო შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია. თითქმის ოცდაათწლიანი თანამშრომლობის განმავლობაში ჩვენ მოწმენი გავხდით შესანიშნავი ტრანსფორმაციისა, რაც ქართველების სიმამაცისა და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის სიყვარულის შედეგია. საქართველოს ბევრი საამაყო აქვს და შეერთებული შტატებისთვის პატივია ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდით დგომა. ჩვენ ძლიერი მოტივაცია გვაქვს და როგორც ელჩი, მე ერთგული ვარ ჩვენი პარტნიორობის სიმტკიცის შენარჩუნებისა ამ ნათელი მომავლის გზაზე, რის მიღწევასაც ყველა ქართველი იმსახურებს,“ – განაცხადა დეგნანმა.

ახალი ელჩის სიტყვას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი