სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია, რომლის წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 340-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მიმდინარეობდა, რაც საჯარო მოხელის მიერ კანონით აკრძალული საჩუქრის მიღებას გულისხმობს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში განმარტავენ, რომ შონიასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
ყოფილი გუბერნატორის ადვოკატი კი დაცვის ქვეშ მყოფის თხოვნით კომენტარს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის მაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელი გუბერნატორის ლევან შონიას თხოვნით, მის მიერ მითითებული პიროვნების – გ.ა-ს სახელზე, მისთვის გადასაცემად მოქალაქე ზ.კ-მ 10 000 აშშ დოლარი ჩარიცხა, რაც ლევან შონიას გადაეცა. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული რიგი მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, საბანკო ამონაწერის დათვალიერებით, ზ.კ-ს ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, საჯარო სამსახურის ბიუროს და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წერილებით.
ლევან შონიას მიმართ გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე მიმდინარეობდა (საქართველოს სსკ-ის 340-ე მუხლით).