ყველა ვინც შსს-ს თანამშრომლებზე ფიზიკურად იძალადა, პასუხს აგებს – გიორგი გახარია

შსს-ს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები პანკისის ხეობას დატოვებენ, თუმცა გაძლიერებული პოლიცია დარჩება, სრულად დაიცავს მართლწესრიგსა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პანკისში, აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

„დღევანდელი შემთხვევა იყო ძალიან მძიმე ყველასთვის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა იყო უმძიმესი ხეობის მოსახლეობისა და საქართველოს პოლიციისთვის. სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ამ უხუცესი ადამიანების სიბრძნისა და სახელმწიფოს თმენის ვალდებულების გათვალისწინებით, მივაღწიეთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც მოუტანს სარგებელს ამ კონკრეტულ ხეობას, კონკრეტული სოფლების მცხოვრებლებს, ასევე გააძლიერებს ჩვენს მეგობრობასა და ძმობას მომავალში. ერთიანი, განუყოფელი საქართველოს მშენებლობისთვის.

ჩვენი შეთანხმება არის ძალიან მარტივი და ამავდროულად რთულიც, მაგრამ მიღწევადი და პრაგმატული. რა თქმა უნდა, ყველა ის ადამიანი, რომელმაც ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის სრული პასუხისმგებლობით შესაბამისობაში აგებს პასუხს. ასევე შევთანხმდით, რომ კომპანიის წარმომადგენლები გააგრძელებენ მოსახლეობასთან საუბარს და სანამ მხარდაჭერის კონკრეტულ ზღვრულ რაოდენობას არ მიაღწევენ, ისინი ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში გააგრძელებენ მათთან საუბარს. თუმცა, აქ არის კიდევ რამდენიმე სხვა პროექტი, რომელზეც აქტიურად დაიწყება მუშაობა.

ამასთან, შსს-ს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ხეობას დატოვებენ, თუმცა შსს-ს გაძლიერებული პოლიცია დარჩება ხეობაში და დაიცავს სრულად მართლწესრიგსა და უსაფრთხოებას თითოეული ჩვენი მოქალაქის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი