ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქცევისა და გამოსვლების გამო ერი არ დაბრკოლდეს – ილია მეორე

ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქცევისა და გამოსვლების გამო ერი არ დაბრკოლდეს, – ამის შესახებ სინოდის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ როგორც ეკლესიაში, ასევე ქვეყანაში მშვიდობის დამკვიდრებისთვის. ჩვენ არ უნდა მივცეთ საბაბი საზოგადოებას, დაბრკოლდეს ეკლესიისა და სარწმუნოების მიმართ. დღეს შევიკრიბეთ არა იმისთვის, რომ ვინმე დავსაჯოთ, არამედ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს. ჩვენ კი არ უნდა დავუმძიმოთ ერთმანეთს ტვირთი, არამედ უნდა შევუმსუბუქოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა. მე მუდამ მხოლოდ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ. მე აღვიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც მუდამ იყო დიდი კრძალვა ღვთისადმი და თანაგრძნობა მოყვასისადმი. ჩვენი ოჯახი არა ერთხელ იფარავდა დევნილ სამღვდელოებას. დღეს რთული დროა. ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერი არ დაბრკოლდეს ჩვენი ქცევისა და გამოსვლების გამო. ყოველ მღვდელთმთავარს დადებული აქვს ფიცი ღვთისა და პატრიარქის წინაშე ერთგულებისა და ამ ფიცის დარღვევის შემთხვევაში, იგი დიდ ცოდვას იდებს საკუთარ თავზე. დროის სირთულიდან გამომდინარე, არ არის საკმარისი სინოდის წელიწადში ორჯერ მოწვევა. სინოდი უნდა იქნას მოწვეული უფრო ხშირად, ყოველი პრობლემის შემთხვევაში“, – განაცხადა ილია მეორემ სინოდის სხდომაზე.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის განცხადება ჟურნალისტებს წმინდა სინოდის მდივანმა, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა გააცნო.

საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს. ამასთან, წმინდა სინოდმა მეუფე იაკობი გააფრთხილა. ასევე, წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი